საზოგადოება
06.03.2026 12:32
შიდა ქართლში უკანონო ტყითსარგებლობის 14 ფაქტი გამოვლინდა

1-ელი თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, შიდა ქართლში უკანონო ტყითსარგებლობის 14 ფაქტი გამოვლინდა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 191 ფაქტი გამოავლინეს და გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 142 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 49 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია.

„სამართალდარღვევებიდან 18 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 2026 წლის თებერვალში დალუქულია 9 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. ჯამში, 180 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყეა ამოღებული.

ყველაზე მეტი - 59 ფაქტი დაფიქსირდა კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 42, სამცხე-ჯავახეთში - 24, შიდა ქართლში - 14, აჭარაში - 14, ქვემო ქართლში - 10, იმერეთში - 9, გურიაშიც - 9, მცხეთა-მთიანეთში - 7, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 3.

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა, გამოვლენა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც. შედეგად, მიმდინარე წლის პირველ 2 თვეში, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტითსარგებლობის 308 ფაქტია გამოვლენილი.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციები. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

 

კვირის ამბები