
ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა გორის მუნიციპალიტეტის დათევზიანებულ მდინარეებში „წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის პოპულაციის მონიტორინგი ჩაატარეს.
როგორც სააგენტოში აღნიშნეს, კვლევის მიზანი, დათევზიანების პროცესის შედეგების შეფასება და სახეობის გამრავლების დინამიკაზე დაკვირვება იყო, ხოლო მონიტორინგისას მდინარეების შენაკადებში განთავსებულ საქვირითე ბუდეებში ცოცხალი ლარვები დაფიქსირდა, რაც „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის აღდგენის პროექტის წარმატებით მიმდინარეობის მანიშნებელია.
„დადასტურდა, რომ განთავსებული ქვირითის დიდმა ნაწილმა ველურ ბუნებაში ადაპტაციის პროცესი შეფერხების გარეშე გაიარა და გარემო პირობები: წყლის ტემპერატურა, ჟანგბადის შემცველობა, დინების სიჩქარე და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრები ოპტიმალურია პოპულაციის განვითარებისთვის. ლარვის სტადიაზე გადასვლა ნიშნავს, რომ კალმახმა განვითარებისთვის ერთ-ერთი კრიტიკული პერიოდი უკვე დაძლია და მალე ლიფსიტის ფაზაში გადავა“, - აღნიშნეს ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში.
შეგახსენებთ, თებერვალში, ტანას და თეძამის დაცულ ტერიტორიებზე, მდინარე ტანის შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 20 000 ქვირითით დათევზიანდა.
ნაკადულის კალმახის აღდგენის პროექტს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.