საზოგადოება
09.03.2026 14:50
იძულებით გადაადგილებულ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა იწყება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამას იწყებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამის მიზანს დევნილი ქალების თვითდასაქმების მხარდაჭერა და ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რაც მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

სხვადასხვა პროფესიული საქმიანობის წამოწყების თუ გაფართოების მიზნით, პროგრამის გამარჯვებულ ბენეფიციარებს სააგენტო ტექნიკას, დანადგარებს და სახელობო იარაღებს გადასცემს.

პროგრამა რეგიონებში მცხოვრები (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) იძულებით გადაადგილებული ქალებისთვის ხორციელდება. მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა; გორი, სამების ქ. N1; რუსთავი, ი. ცურტაველის ქ. N5ა; ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N1060; ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27 - 20 მარტის ჩათვლით შეეძლებათ.

საგრანტო პროგრამა დევნილთა სააგენტოს მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) რეგიონული პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაძლიერება მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის” ფარგლებში, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

კვირის ამბები