საზოგადოება
10.03.2026 12:37
„საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ - საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დღეს სრულდება

ახალგაზრდობის სააგენტოს გამოცხადებულ საგრანტო კონკურში - „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დღეს, 10 მარტს სრულდება.

უწყების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა 18-29 წლის (კონკურსის დასრულებამდე კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 29 წელს) საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც სრული ზოგადი განათლება აქვს და არ ყოფილა შერჩეული გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლად.

რაც შეეხება მოთხოვნებს, კონკურსის მონაწილე კანდიდატი თავისუფლად უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს (წერა და საუბარი); იცნობდეს საკონკურსო თემატიკას; იცნობდეს ახალგაზრდულ სფეროში მიმდინარე პროცესებს და ჰქონდეს ინფორმაცია ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოში გაეროს წარმოდგენილი სტრუქტურების, ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

საკონკურსო განაცხადები ელექტრონულ ფოსტაზე - UNDelegate @ youthagency. gov. ge მიიღება.

„გამარჯვებულს შესაძლებლობა ექნება, დაფინანსდეს 30 000 ლარით და მიენიჭოს ერთწლიანი მანდატი; გაემგზავროს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მონაწილეობა მიიღოს გაეროს გენერალური ასამბლეის სოციალურ-ეკონომიკური საბჭოს ახალგაზრდულ ფორუმში; გაეროში, ახალგაზრდა ელჩების ინსტიტუტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა რეზოლუციის და დეკლარაციის შემუშავებაში; ქართველ ახალგაზრდებს გაუზიაროს ცოდნა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების და გაეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ“, - აცხადებენ სააგენტოში.

ცნობისთვის, კონკურსი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება.

კვირის ამბები