საზოგადოება
10.03.2026 14:00
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება იწყება

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მისაღებად ელექტრონული განაცხადის შევსება 16 მარტის 12:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, პროცესი პროგრამის 2026 წლის ბიუჯეტის (5 მილიონი ლარი) ამოწურვამდე გაგრძელდება და რეგისტრაცია ვებგვერდზე: my. rda. gov. ge იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობას ერთ ბენეფიციარზე, მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში, არაუმეტეს 30%-ს (არაუმეტეს 250 000 ლარი) შეადგენს, ჩაის ხელის საკრეფი ტექნიკის შემთხვევაში კი არაუმეტეს 50%-ია (არაუმეტეს 1 000 ლარი).

პროგრამის დადგენილი პირობებით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე და ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.

„სახელმწიფო პროგრამის მიზანი მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროექტის დაწყებიდან (2019 წელი) 2025 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, სააგენტოს მიერ, 42 მლნ ლარზე მეტით თანადაფინანსებულია 121 მლნ ლარზე მეტის ღირებულების 1 000 ერთეულზე მეტი ტექნიკის შეძენა“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები