საზოგადოება
10.03.2026 15:57
საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

ისტორიული სპორტული მიღწევისთვის სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ მწვრთნელებს და ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლებსაც.

ირაკლი კობახიძემ მოციგურავეებს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული ისტორიული შედეგები მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე თითოეულ სპორტსმენს ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებისთვის 50-50 ათასი ლარი გადაეცემა. როგორც ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს მთავრობამ ოლიმპიადის პრიზიორებისთვის ფულადი ჯილდო დააწესა და ვიცე-ჩემპიონები - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა 500-500 ათას ლარს მიიღებენ.

„ჩვენმა ქვეყანამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე და პირველად ისტორიაში ჩვენ მოვიგეთ ოლიმპიური მედლები ზამთრის სპორტის სახეობებში. ამისთვის თითოეულ თქვენგანს გეკუთვნით ძალიან დიდი მადლობა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას, რომლებიც ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ. ჩვენ დავიკავეთ მე-4 ადგილი გუნდურ ტურნირზე და ესეც არის ისტორიული მიღწევა. ძალიან ცოტა დაგვაკლდა ოლიმპიურ გუნდურ მედლამდე, თუმცა, დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან ბევრი წარმატება გველოდება წინ.

პირველად ისტორიაში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გვყავდა ქართველი მსაჯი და ესეც არის კიდევ ერთი წარმატება. ეს შედეგები აჩვენებს, რომ სპორტი მუდმივად ვითარდება, ვაღწევთ ახალ სიმაღლეებს. ეს ყველაფერი უდიდესი სტიმულია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომ ჩაერთონ სპორტში და მიაღწიონ წარმატებებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კვირის ამბები