საზოგადოება
13.03.2026 14:24
ვეტერინარული კლინიკები ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაში ჩაერთვებიან

ვეტერინარული კლინიკები ძაღლების ჰიპერპოპულაციის ჰუმანური მეთოდებით მართვის რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთვებიან. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, კლინიკების წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიურად ჩაერთონ პროგრამით გათვალისწინებული ვეტერინარული მანიპულაციების, კერძოდ, პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის განხორციელების პროცესში. „სექტორს ახალ ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია და განვუმარტეთ მათი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ვეტერინარული კლინიკების მხრიდან დასმულ ყველა შეკითხვას გაეცა კვალიფიციური პასუხი“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის მიზანია ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენცია, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, საქართველოს მასშტაბით (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა), პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ჩიპირება, ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და ძუ ძაღლების სტერილიზაცია. პროგრამა ასევე, მოიცავს უპატრონო/მიკედლებული ძაღლების (თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციას და კასტრაცია/სტერილიზაციას.

კვირის ამბები