საზოგადოება
18.03.2026 11:36
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სრულიად საქართველოს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მრევლს ჩვენი ერის სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

უდიდესია ის ტკივილი და დანაკლისი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და თითოეულმა ჩვენგანმა განიცადა.

​მისმა უწმინდესობამ ეპოქალური როლი შეასრულა ქართველი ერის სულიერ აღორძინებაში, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში. იგი იყო სიმშვიდის, სიყვარულის, მიტევებისა და ერთიანობის სიმბოლო.

​პატრიარქის მოღვაწეობა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ სამშობლოსა და ხალხს სიყვარულით, თავდადებითა და უსაზღვრო მოთმინებით“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია ​ II, გუშინ საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით გლოვა გამოცხადდა. ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

კვირის ამბები