
აკვაკულტურის სექტორის განვითარების ხელშეწყობის და ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, სატბორე მეურნეობებისთვის წყლის მიწოდების საფასურის ძირითად ნაწილს სახელმწიფო დააფინანსებს.
როგორც „საქართველოს მელიორაციაში“ აღნიშნავენ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფის სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმში ის სექტორიც ერთვება, რომელიც წყალს საირიგაციო დანიშნულებით არ იყენებს.
„წყალმომხმარებლები, რომლებიც წყალს სატბორე მეურნეობებისთვის მოიხმარენ, „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გაწეული წყლის საცალო მიწოდების მომსახურების საფასურის 0,0826 ლარი მ3 (დღგ-ს ჩათვლით) სუბსიდირება განხორციელდება შემდეგი სახით: მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარს 1 ჰექტარზე წელიწადში, მომსახურების საფასურის 80% კი სუბსიდირებას დაექვემდებარება.
საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება სატბორე მეურნეობების განვითარებას და წყლის რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნეს „საქართველოს მელიორაციაში“.