საზოგადოება
24.03.2026 12:49
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს.

სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას და სამსახურების ხელმძღვანელებს ახლადდანიშნული დირექტორი კობა შანავა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით კუპატაძემ წარუდგინა.

დავით კუპატაძემ კობა შანავას წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სამხედრო ჰოსპიტლის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდა და სამედიცინო სერვისების განვითარება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კობა შანავა მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ქირურგი ტრანსპლანტოლოგია.

„შანავა საქართველოში ღვიძლის ქირურგიისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის ფუძემდებელია და მის სახელს უკავშირდება ღვიძლის გადანერგვის 100-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია ქვეყანაში, ორგანოთა ტრანსპლანტაციის პირველი ცენტრის დაარსება საქართველოში, სიმსივნური პათოლოგიების დროს, 1000-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია.

ქირურგიული საქმიანობის პარალელურად, კობა შანავას დღემდე არაერთი თანამდებობა ეკავა და ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.

ჰოსპიტლის ახლადდანიშნულ დირექტორს განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ რამდენიმე ქვეყანაში.

კობა შანავა საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების დამფუძნებელი და პრეზიდენტია,ასევე საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტრანსპლანტაციის საბჭოს წევრი და დარგის ექსპერტია.

ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციას, ამჟამად არის ევროპის ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების წევრი, და საერთაშორისო ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების წევრი“, - აღნიშნულია სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები