
დღეს, 25 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 109 წელი შესრულდა.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 457 წელს ანტიოქიის ეკლესიისგან მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი ის 1811 წელს გააუქმა. მას შემდეგ ქართულ ეკლესიას რუსეთის სინოდი ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს დაიბრუნა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სცნო, თუმცა, ეს წერილობით არ ყოფილა დადასტურებული. მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს სცნო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ერს საქართველოს ავტოკეფალიის ადგენის დღე სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცა.
„დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიულ დღეს აღვნიშნავთ.
წელს ეს საზეიმო თარიღი ეროვნული მწუხარებითაა დაჩრდილული - გამოვეთხოვეთ ერის სულიერ წინამძღოლს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომლის უამრავ ღვაწლს შორის ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ დედაეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის მსოფლიო დონეზე აღიარებაა.
1917 წლის 25 მარტს ავტოკეფალიის გამოცხადებით ქართველმა ერმა ისტორიული სამართლიანობა აღადგინა. თუმცა, სრულყოფილ და საბოლოო გამარჯვებამდე სწორედ პატრიარქის უდიდესმა ძალისხმევამ მიგვიყვანა.
1990 წელს, მისი დაუღალავი შრომისა და უმაღლესი საერთაშორისო ავტორიტეტის შედეგად, მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო ჩვენი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული. ეს იყო გადამწყვეტი ნაბიჯი არა მხოლოდ ეკლესიის გაძლიერების, არამედ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში.
დღეს, მისი უწმინდესობის გარდაცვალებიდან მე-9 დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა გლოვობს, ეს ფასდაუდებელი მონაპოვარი - ჩვენი სულიერი და ეროვნული იდენტობის მყარი საფუძველი - ყველაზე ნათლად მოწმობს ილია მეორის ეპოქალურ მემკვიდრეობას.
გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ პატრიარქის დატოვებულ ერთობას და მისი ხსოვნისადმი უდიდესი პატივისცემით, ღირსეულად გავაგრძელოთ მისი გზა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.