საზოგადოება
25.03.2026 11:13
შიდა ქართლში თანამედროვე სპორტული ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს

შიდა ქართლში თანამედროვე სპორტული ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გორში, კულტურისა და დასვენბის პარკ „ახალბაღში“ სამი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო. ტერიტორიაზე ფეხბურთის ამორტიზებული მოედანი და ჩოგბურთის კორტები მდებარეობდა, რომელიც ექსპულატაციის ვადის გასვლის გამო, შესაბამის სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებდა.

პროექტის მიხედვით მოეწყო ჩოგბურთის კორტები სპეციალური საფარით, ფეხბურთის და კალათბურთის სტადიონები, ტრიბუნები, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელები. უახლოეს მომავალში დამონტაჟდება გარე განათებაც.

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში თანამედროვე სტანდარტების სპორტდარბაზის მშენებლობა დასრულდა. ორსართულიანი შენობა როგორც სპორტსმენების, ასევე მაყურებლის საჭიროებებს სრულად მოერგება. ობიექტზე, საჭიდაო და სატრენაჟორო დარბაზებთან ერთად, გათვალისწინებულია მრავალფუნქციური სივრცე სპორტული ღონისძიებების გასამართად. ორივე სართულზე მოეწყო 380 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. შენობაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, განთავსდება გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო და ადმინისტრაციული ოთახები. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სპორტსმენებისთვის გათვლილი სასტუმროც.

რაც შეეხება კასპს, ქალაქში დასრულდა საცურაო აუზის მშენებლობაც. ამჟამად მიმდინარეობს აღჭურვის პროცესი. მოეწყო დიდი აუზი, ასევე 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. სივრცეში ოლიმპიურის გარდა, ყველა კატეგორიის შეჯიბრის ჩატარებაა შესაძლებელი. შენობაში მიმდინარეობს მცირე აუზის, ტრენაჟორების დარბაზის, ექიმის, პერსონალის, მწვრთნელების ოთახების, გასახდელების, საშხაპეების, პარკინგის და გარე კაფის მოწყობა. ობიქტი სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირებულია.

„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს უწყობს სპორტის პოპულარზაციას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. თითოეული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის განვითარებაზეა მორგებული, რომლის წინსვლასაც ყოველთვის ხელს შევუწყობთ. პროექტი ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება“, - აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა.

კვირის ამბები