
ახალგაზრდობის სააგენტომ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგრანტო კონკურსი - „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ გამოაცხადა.
კონკურსის ორგანიზატორების ინფორმაციით, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს რეგიონში მოქმედ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, ასევე საინიციატივო ჯგუფს, რომელიც რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას აერთიანებს.
„საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადები 13 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - grants - 2@ youthagency. gov. ge. მიიღება და კონკურსის მიზანია იმ იდეების ფინანსური რესურსით მხარდაჭერა, რომლებიც ემსახურება: ახალგაზრდული სფეროსა და ახალგაზრდების განვითარებას; არაფორმალური განათლების განვითარებას; ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მათი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობას და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას.
კონკურსის საერთო ბიუჯეტი 300 000 ლარს შეადგენს, ხოლო ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება - 15 000 ლარია“, - აცხადებენ ახალგაზრდობის სააგენტოში.
დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის მიღება სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ბმულზე შეუძლიათ.