საზოგადოება
31.03.2026 12:08
მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში ლეკვების გაჩუქების აქცია გაიმართება

მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო ლეკვების გაჩუქების აქციას მოაწყობს. ღონისძიება 4 აპრილს, სააგენტოში 11:00-დან 16:00 საათამდე გაიმართება. მსურველებს, ასევე შესაძლებლობა ექნებათ ეს დღე სააგენტოს ბინადრებთან ერთად გაატარონ - გაასეირნონ ისინი და დაესწრონ მათი გამოკვების პროცესს.

„ეს დღე მიუსაფარი, ქუჩის ცხოველების თანაგრძნობის, მზრუნველობისა და დახმარების დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ა(ა)იპ შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო, ტრადიციულად, ცხოველების მოყვარულ საზოგადოებას ლეკვების გაჩუქების აქციაზე ეპატიჟება. კამპანიის ფარგლებში, სააგენტოდან გაჩუქებული ყველა ძაღლი სრულიად უფასოდ დაიჩიპება.

მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო მოგმართავთ თხოვნით - გამოიჩინოთ ჰუმანური დამოკიდებულება მიუსაფარი ცხოველების მიმართ, იზრუნოთ მათზე, მისცეთ თავშესაფარი და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, უპატრონო ცხოველთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად, 2011 წლის 4 აპრილიდან აღინიშნება. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში, დაახლოებით 600 000 000 მეტი უპატრონო შინაურია, რომელიც ღამეს ქუჩაში ათევს.

კვირის ამბები