საზოგადოება
01.04.2026 22:35
ვიტოვებ უფლებას, გამოვიყენო ყველა სამართლებრივი მექანიზმი ჩემი და სააგენტოს საქმიანი რეპუტაციის დასაცავად - ინტერმუნიციპალური სააგენტოს დირექტორი

ნუ აჰყვებით ემოციურ და გადაუმოწმებელ ბრალდებებს. სააგენტო მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის, წესდებისა და ჰუმანური პრინციპების სრული დაცვით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქით“ განცხადებას ავრცელებს ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს დირექტორი.

როგორც ბექა გიუნაშვილი აღნიშნავს, ,,ე.წ. „ცხოველთა მოყვარულების“ ნაწილის ქმედებები ატარებს პროვოკაციულ ხასიათს და მიმართულია სტრატეგიული მნიშვნელობის პროგრამების (სტერილიზაცია/კასტრაცია) ჩაშლისკენ“.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, იგი უფლებას იტოვებს, გამოიყენოს ყველა სამართლებრივი მექანიზმი როგორც საკუთარი, ასევე სააგენტოს საქმიანი რეპუტაციის დასაცავად.

,,საჯარო განცხადება დეზინფორმაციისა და ცილისწამების წინააღმდეგ:

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლი, ვუპასუხო იმ მტკნარ სიცრუესა და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, რომელიც ბოლო საათებში სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება.

კერძოდ, მოქალაქე თამაზ ელიზბარაშვილის მიერ 1 აპრილს გავრცელებული ვიდეომიმართვა არის ყალბი ინფორმაციის, აბსურდული ბრალდებებისა და ცილისწამების კრებითი მაგალითი. მის მიერ გაჟღერებული თითოეული ,,ფაქტი" წარმოადგენს ფანტაზიის ნაყოფს და ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – ჩემი, როგორც სააგენტოს დირექტორის და მთლიანად „შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს“ დისკრედიტაციას.

მსურს საზოგადოებას მივაწოდო რეალური ფაქტები:

  1. სურსათის ეროვნული სააგენტოს ტრანსპორტის შესახებ: ბრალდება, თითქოს სააგენტოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ავტომანქანები ცხოველების მოსაყვანად, არის სრული სიყალბე. მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ამის გადამოწმება შესაძლებელია ოფიციალური ჩანაწერებით.
  2. აბსურდული ბრალდება ,,ცოცხლად დაწვის" შესახებ: თამაზ ელიზბარაშვილის განცხადება, თითქოს სააგენტოში ხდება ცხოველების ცოცხლად დაწვა, არის უმძიმესი დანაშაული – ცილისწამება, რომელიც სცილდება ყოველგვარ მორალურ და სამართლებრივ ჩარჩოს. ეს არის მცდელობა, საზოგადოებაში გამოიწვიონ ხელოვნური აგრესია სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ.
  3. თამარ მოსიაშვილთან კომუნიკაციის შესახებ: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე ვინმეს დავუდასტურე ცხოველების უკანონო განადგურება, არის სიცრუე. მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია საერთოდ არ შემდგარა.
  4. კრემატორიუმის (ინსინერატორის) მუშაობა: როგორც სააგენტომ უკვე განმარტა ოფიციალურ განცხადებაში, ინსინერატორი გამოიყენება ექსკლუზიურად სამედიცინო ნარჩენების უტილიზაციისთვის, რაც კანონით დადგენილი სანიტარიული ნორმაა და არა ცხოველების მასობრივი განადგურების იარაღი.

დღევანდელმა დღემ ნათლად დაგვანახა, რომ ე.წ. „ცხოველთა მოყვარულების“ ნაწილი, თამაზ ელიზაბარაშვილის წინამძღოლობით, დაკავებულია სახელმწიფო უწყებებისა და საჯარო მოხელეების მიზანმიმართული „გაშავებით“. მათი ქმედებები ატარებს პროვოკაციულ ხასიათს და მიმართულია სტრატეგიული მნიშვნელობის პროგრამების (სტერილიზაცია/კასტრაცია) ჩაშლისკენ.

მოვუწოდებ საზოგადოებას, ნუ აჰყვებით ემოციურ და გადაუმოწმებელ ბრალდებებს. სააგენტო მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის, წესდებისა და ჰუმანური პრინციპების სრული დაცვით.

საკითხის სიმძიმიდან გამომდინარე, ვიტოვებ უფლებას, გამოვიყენო ყველა სამართლებრივი მექანიზმი ჩემი და სააგენტოს საქმიანი რეპუტაციის დასაცავად“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ინტერმუნიციპალური სააგენტოს დირექტორი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ადგილი ჰქონდა მიუსაფარი ძაღლების განადგურებას, ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, მიზნად ისახავს სააგენტოს დისკრედიტაციას და საზოგადოებას მოუწოდებენ, ნუ აჰყვებიან დეზინფორმაციას.

ამასთან, აღნიშნულ ფაქტზე განცხადება გააკეთა გორის მუნიციპალიტეტის მერმაც. კონსტანტინე ბუზალაძის განცხადებით, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივ ემოციებზე ზემოქმედებას და მანიპულირებენ ფაქტებით. გორის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

ყოველივე აღნიშნულის პარალელურად, ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე განცხადება გაავრცელა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, სადაც აღნიშნულია, რომ გორში, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა.

კვირის ამბები