საზოგადოება
03.04.2026 12:48
აპრილი როზაცეას ცნობადობის ამაღლების თვეა

აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო კალენდარზე მონიშნულია, როგორც როზაცეას ცნობადობის ამაღლების თვე.

როზაცეა კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელსაც არაინფექციური ხასიათი აქვს. სპეციალისტების აზრით, ის ხშირად ნერვოვასკულარული პრობლემებითაა გამოწვეული. თუმცა, დაავადების განვითარებაში გენეტიკურ და გარემო პირობებსაც მნიშვნელოვან ფაქტორებად განიხილავენ.

მედიკოსების თქმით, როზაცეას 4 სახეობა არსებობს და, შესაძლებელია, ზოგჯერ პაციენტს როზაცეას რომელიმე სახეობების კომბინაციაც გამოუვლინდეს.

როზაცეას ახასიათებს სახის კანის სიწითლე ლოყებზე, ცხვირსა და ნიკაპზე; პერიოდული წითელი გამონაყარი სახეზე; კანის სიმხურვალე, შესიება ან ქავილი; გამოკვეთილი წითელი კაპილარები სახეზე. როზაცეას ერთ-ერთი სახეობის დროს ცხიმის გამომყოფი ჯირკვლის ფუნქციონირებაა დაზიანებული, რაც სახეზე, უმეტესწილად კი ცხვირზე კანის გაუხეშებას, გასქელებას ან დაკოჟრებას იწვევს (ყველაზე ხშირად, მამაკაცებშია გავრცელებული).

ზოგიერთი სიმპტომის გამო, როზაცეას აკნესაც ამსგავსებენ. ამიტომ სპეციალისტთან შესაბამისი გამოკვლევების საფუძველზე მისი დროული გამოვლენა, მნიშვნელოვანია მიზნობრივი მკურნალობისა და გართულებების თავიდან ასაცილებლად.

„დაავადების დიაგნოსტიკა დერმატოლოგის პრეროგატივაა, ხოლო დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია: სწორი, რეჟიმით კვება, ალკოჰოლის და თამბაქოს შეზღუდვა, სახის კანის დაცვა მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებისგან (სიცივე, მზის სხივები), ნატურალური კომპონენტებისგან დამზადებული კანის მოვლის საშუალებების გამოყენება. პაციენტი უნდა ეცადოს, ნაკლებად შეეხოს სახეს, შეამციროს სტრესული ფაქტორები ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე მნიშვნელოვანია როზაცეას გამომწვევი დაავადებების დროული მკურნალობა“, - აღნიშნავენ დერმატოლოგები.

კვირის ამბები