საზოგადოება
06.04.2026 13:10
ფოტოკონკურსი „პლასტმასი და გარემო - შენი ხედვა“ იწყება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ფოტოკონკურსი თემაზე - „პლასტმასი და გარემო - შენი ხედვა“ გამოაცხადა, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერი ასაკის და პროფესიის ადამიანს შეუძლია.

ორგანიზატორების თქმით, კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პლასტმასის ზემოქმედებაზე გარემოსა და ადამიანის ცხოვრებაზე. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ხედვით ასახონ, როგორ მოქმედებს პლასტმასი ბუნებაზე, ყოველდღიურ გარემოსა და მომავალზე, ასევე წარმოაჩინონ პრობლემის გადაჭრის გზები.

ნამუშევარი უნდა ასახავდეს ერთ-ერთ მიმართულებას: პლასტიკის დაბინძურება ბუნებაში; პლასტიკის გავლენა ადამიანზე; ყოველდღიური პლასტმასის გამოყენება; პლასტმასი და ალტერნატიული არჩევანი; პოზიტიური მაგალითები (პლასტიკის შემცირება). ამასთან, ფოტოს ზომა არ უნდა აღემატებოდეს 10 MB-ს და დართული უნდა ჰქონდეს მოკლე აღწერა (რა გზავნილს ატარებს).

განცხადებების მიღების ბოლო ვადა 5 მაისია.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.

კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

კვირის ამბები