
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებს და კანონიერ წარმომადგენლებს დამატებით ეძლევათ შესაძლებლობა, 2026 წლის 6 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით, მიმართონ სასურველ სკოლებს და ბავშვები პირველ კლასში დაარეგისტრირონ, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა რეგისტრაცია - პირველი ეტაპი, 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა, ხოლო პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის და ჩარიცხვის პერიოდი 4 მარტიდან 17 აპრილის ჩათვლითაა განსაზღვრული.
თუმცა, იმისთვის, რომ რეგისტრაციის ყველა ეტაპი შეუფერხებლად განხორციელდეს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება პირველი და მეორე ეტაპის ვადების ცვლილებასთან დაკავშირებით. ჯამში კი, პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები ხუთ ეტაპს მოიცავს და 31 ივლისს დასრულდება.
„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.
რაც შეეხება II ეტაპს, რომლის ფარგლებშიც რეგისტრირდებიან მოსწავლეები, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ საჯარო სკოლაში; მშობელი/მეურვე/მზრუნველი ამ საჯარო სკოლის თანამშრომელია; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში, - მათთვის რეგისტრაცია 24 აპრილს დაიწყება და 8 მაისს დასრულდება“, - ახადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, გამონაკლისის სახით, 2026–2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა ეძლევათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.