
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 4 წლით, 2031 წლამდე გადავადდა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე დღეს, 8 აპრილს განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება ბიზნეს სექტორთან აქტიური კონსულტაციის შედეგად შეიცვალა.
„როგორც მოგეხსენებათ, პლასტმასის მოხმარება ზიანს აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე გარემოს. რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა პლასტმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება, თუმცა, ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის ბიზნესის სუბიექტური ინტერესები, ასევე, კონკრეტული რეგულაციების შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე.
ბიზნეს სექტორთან აქტიური კონსულტაციების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, პლასტმასის მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ქვეყანაში უკვე აიკრძალა პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ.
2026 წლის 1-ელი ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აეკრძალებათ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებში სასმელების მიწოდება. ხოლო 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება.