09.04.2026 11:17
9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას გორში ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს.

შეკრებილებმა 37 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
„9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია — თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლო. ეს არის ტრაგიკული, თუმცა, ამავე დროს, ეროვნული ერთობის და გამარჯვების დღე.

ქართველმა ხალხმა, დიდმა თუ პატარამ, ერთად დგომით გამოავლინა შეუპოვრობა და გამბედაობა, რათა წინააღმდეგობა გაეწია საბჭოთა რეჟიმისთვის.
ის ახალგაზრდები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, ჩვენი დროის გმირები არიან.
ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს მათი თავგანწირვა და არასოდეს დავივიწყოთ მათი ნათელი ხსოვნა",- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართსლში სიმონ გულედანმა.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ აღნიშნა, 9 აპრილი გვახსენებს იმ ადამიანების ისტორიულ დამსახურებას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ქვეყანას თავისუფლება მოუტანეს და ეს დღე ჩვენი ქვეყნისთვის თავისუფლების სიმბოლოდ აქციეს.

„დღეს, გორში, ტრადიციულად შევიკრიბეთ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან, რომ გავიხსენოთ ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულის ერთ-ერთი ტრაგიკული, მაგრამ ამავე დროს, საამაყო დღე. გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომლებმაც 37 წლის წინ თავი შესწირეს თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეას. ამ დღეს მოჰყვა 1991 წლის 9 აპრილიც - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება. ამიტომაც დღეს ჩვენი შეკრებით დაღუპულთა სულებსაც მივაგებთ პატივს და მადლიერებასაც გამოვხატავთ იმისთვის, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად ქვეყანას ნანატრი დამოუკიდებლობა მოუპოვეს", - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი გაურკვეველი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

სისხლიანი ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს, იმჟამინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
კვირის ამბები