კონფლიქტები
31.03.2026 16:51
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 131-ე შეხვედრა მიმდინარეობს

სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 131-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, შეხვედრის განხილვის მთავარი თემა იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხი.

როგორც ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხია თავისუფალი გადაადგილებაც.

,,დღევანდელ, რიგით 131-ე შეხვედრაზე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, ვგულისხმობ უკანონო დაკავებებს, უკანონო ე.წ. ბორდერიციის ფაქტებს, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, დადგება საკითხი ქალბატონ თამარ მეარაყიშვილის, რომელიც ჯერ უკანონოდ იქნა დაკავებული და შემდეგ - უკანონოდ გამოძევებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან.

შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირდა უკანონო დაკავების ერთი შემთხვევა. დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 11 პირი, ასევე დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 7 შემთხვევა.

ამასთანავე, თავისუფალი გადაადგილების საკითხი არის ჩვენი დღის წესრიგის მუდმივი პუნქტი, ეს საკითხი რეგულარულად განიხილება და ბუნებრივია, მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ეს საკითხი აუცილებლად იქნება გაჟღერებული, რათა  მოსახლეობამ შეძლოს სასაფლაოებზე დაუბრკოლებლად გასვლა და უსაფრთხოდ სახლებში დაბრუნება“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

კვირის ამბები