საზოგადოება
14.04.2026 11:22
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

დღეს, 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 1978 წელს, იმჟამინდელი საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილება და მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა. სსრკ-ის საერთო სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა უნდა დადგენილიყო. შესაბამისად, ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსიც უქმდებოდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას საქართველოში მასშტაბური პროტესტი და მღელვარება მოჰყვა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები, მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. ვითარება უმართავი ხდებოდა. საქართველოს კომპარტიის იმჟამინდელი პირველი მდივანი‚ ედუარდ შევარდნაძე შესახვედრად ხალხთან გამოვიდა.

ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო. ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. მოგვიანებით, 1990 წელს, 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

„1978 წლის 14 აპრილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. ამ დღეს საქართველო ერთ მუშტად შეიკრა დედაენის დასაცავად.

ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა - ქართველმა ერმა მსოფლიოს დაანახა, რომ არასოდეს დათმობს ეროვნულ ღირსებას.

მაშინ ენის დაცვა ნიშნავდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეის გადარჩენას. სწორედ ამიტომ, ისტორიულმა გამარჯვებამ უმძლავრესი ბიძგი მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. 14 აპრილის თაობამ შეინარჩუნა ფუნდამენტი, რომელზეც დღეს ჩვენი სუვერენიტეტი დგას.

ჩვენი ვალდებულება მშობლიური ენის მიმართ მარადიულია. თანამედროვე სამყაროში ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა კვლავ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი ვალია, განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე. დედაენის სიძლიერე და განვითარება ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა“, - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

კვირის ამბები