საზოგადოება
14.04.2026 13:07
გორში სახალხო დღესასწაული „ოქონობა“ აღინიშნა

გორში „ოქონობა“ აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა აღევლინა.

საეკლესიო მსახურებას მრევლთან ერთად, მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და სხვა წევრები ესწრებოდნენ.

წირვის დასრულების შემდეგ, ქალაქში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა მოეწყო და ქუჩები იკურთხა.

შეგახსენებთ, „ოქონობის“ დღესასწაული ატენისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა და წელს ოცდამეერთედ აღინიშნა.

დღესასწაული კი უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა. რელიგიური სიწმინდე 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს. ამჟამად ხატი თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

ოქონის ხატი ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშია და მე-10 საუკუნის მიწურულით თარიღდება. სპილოს ძვლისგან დამზადებულ და ვერცხლით მოჭედილ ხატზე ღვთისმშობელი, იესო ქრისტე და იოანე ნათლისმცემელია გამოსახული.

კვირის ამბები