ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, ახალ საჰაერო ხაზზე - კაიროსა და ბათუმს შორის ოპერირებას იწყებს.
როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აღნიშნავენ, ფრენები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში განხორციელდება და კაირო - ბათუმი - კაიროს საჰაერო ხაზზე არარეგულარული (ჩარტერული) რეისები 30 ივნისიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს შესრულდება.
„დღეისთვის, ავიაკომპანია Air Cairo ფრენებს შარმ ელ შეიხსა და თბილისს შორის, კვირაში ერთი სიხშირით ასრულებს. აღსანიშნავია, რომ კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არასოდეს განხორციელებულა.
ახალი მიმართულებით ფრენების დაწყება ეგვიპტის დედაქალაქს და საქართველოს საზღვაო კურორტს შორის ახალ ტურისტულ დერეფანს ხსნის, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებას“, - აცხადებენ სააგენტოში.