საზოგადოება
17.04.2026 13:03
„დიაგნოზი: ზრუნვის პირველი ნაბიჯი“ - 17 აპრილს მსოფლიო ჰემოფილიის დღეს აღნიშნავს
დღეს, 17 აპრილს, მსოფლიო ჰემოფილიის დღეს აღნიშნავს და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჰემოფილიის და სხვა თანდაყოლილი სისხლდენით მიმდინარე დარღვევების, მათ შორის, ფონ ვილებრანდის დაავადების და იშვიათი კოაგულაციური ფაქტორების დეფიციტის შესახებ.

როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, ეს დღე გამოხატავს მხარდაჭერას და სოლიდარობას ჰემოფილიის და სხვა თანდაყოლილი, სისხლდენით მიმდინარე დაავადებების მქონე ადამიანების მიმართ და ხაზს უსვამს ადრეული დიაგნოსტიკის და სათანადო მკურნალობის მნიშვნელობას.

2026 წლის მსოფლიო დღის გზავნილია „დიაგნოზი: ზრუნვის პირველი ნაბიჯი“, რაც ხაზს უსვამს დიაგნოსტიკის კრიტიკულ მნიშვნელობას, როგორც მკურნალობის და ზრუნვის უპირველეს და აუცილებელ ნაბიჯს.

ჰემოფილია თანდაყოლილი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც სისხლის შედედების ფაქტორების (ძირითადად VIII ან IX ფაქტორის) დეფიციტით ხასიათდება, რის შედეგადაც პაციენტებს გახანგრძლივებული სისხლდენა აღენიშნებათ. დაავადება ძირითადად X-ქრომოსომასთან არის დაკავშირებული და უფრო ხშირად მამაკაცებში ვლინდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ამ დაავადებით 400 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.
რაც შეეხება საქართველოს, ჰემოფილიით და სხვა სისხლმდენი პათოლოგიით 629 ადამიანია დაავადებული, კლასიკური ჰემოფილიით კი - 420 პაციენტი.

როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, დღეს ჰემოფილიის დიაგნოზი განაჩენი აღარ არის და საქართველოში ჰემოფილიით დაავადებული პაციენტების მკურნალობას სახელმწიფო სხვადასხვა მედიკამენტით მკურნალობას აფინანსებს. მათ შორის, ინოვაციური მედიკამენტი - კანქვეშა ინექციაა, რომელიც პროფილაქტიკური მკურნალობის მიდგომას ეფუძნება და შესაძლებელს ხდის ცხოვრებას სისხლდენის გარეშე.

„საქართველოში „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უზრუნველყოფილია ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება“, - აცხადებენ სამინისტროში.

ჰემოფილიის მსოფლიო დღე 1989 წლიდან - 37 წელია აღინიშნება და ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის დამფუძნებლის - ფრენკ შნაბელის დაბადების თარიღს უკავშირდება.
კვირის ამბები