24.04.2026 14:36
შიდა ქართლში კიდევ ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდება
შიდა ქართლში, ხაშურში, №4 საჯარო სკოლის მშენებლობა იწყება.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, 500 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება. მოეწყობა საკლასო და რესურსოთახები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, სამეცნიერო ლაბორატორია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სივრცე და მუსიკის ოთახი. საგანმანათლებლო დაწესებულების შენობაში განთავსდება ბიბლიოთეკა, კვებისათვის განკუთვნილი სივრცე, სამედიცინო კაბინეტი, მანდატურის ოთახი, მრავალფუნქციური და სპორტული დარბაზებიც.
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების გაწევის და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 27 თვე განისაზღვრა. ახალი შენობა უზრუნველყოფს მოსწავლეების განვითარებაზე, უსაფრთხოებასა და კომფორტზე ორიენტირებული გარემოს შექმნას. ხაშურის №4 სკოლა მუნიციპალური განვითარების ფონდს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ გადმოეცა“, - აღნიშნულია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

