„სხვა საქართველო სად არის“ - კონკურს-ფესტივალში მონაწილეობისთვის გორში შესარჩევი ტური გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მხარდაჭერით, კონკურს-ფესტივალში - „სხვა საქართველო სად არის“ მონაწილეობისთვის გორში შესარჩევი ტური გაიმართა.
ღონისძიებას ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლამ უმასპინძლა. შესარჩევ ტურს კონკურს-ფესტივალის დამფუძნებელი მაია ჯამალაშვილი და მომღერალი ირმა სოხაძე ესწრებოდნენ.
კულტურულ აქტივობაში მონაწილეობა შიდა ქართლის რეგიონების, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფლების (ატენი, ხელთუბანი, ხიდისთავი) სამუსიკო, სახელოვნებო და საესტრადო სასწავლებლების მოსწავლეებმა მიიღეს. ჩატარდა ქართული სიმღერის მასტერკლასიც.
კონკურსის დასკვნითი ტური ა(ა)იპ „დემოსის“ ინიციატივით ივნისში, მარნეულში გაიმართება.
შეგახსენებთ, ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ 2016 წლიდან - 10 წელია, მარნეულში იმართება. ფესტივალის მიზანი ქართული სიმღერის პოპულარიზაციაა, როგორც ქართველ, ასევე ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკური წარმომავლობის მქონე მოზარდებში.