გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, შიდა ქართლში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 66 ფაქტი გამოავლინეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ქვეყნის მასშტაბით, დარღვევის 912 ფაქტი გამოვლინდა და სამართალდარღვევებიდან 364 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტია, 111 - სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება, 159 - მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა, 31 - კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება, 21 - ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება, 63 - კომპანიის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობა, 20 - სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 143 კი - სხვა დარღვევა.
„რეგიონების მიხედვით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი - 265 ფაქტი გამოვლენილია ქვემო ქართლში. 114 სამართალდარღვევა დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 83 - სამცხე-ჯავახეთში, 80 - კახეთში, 73 -აჭარაში, 66 - შიდა ქართლში, 41 - იმერეთში, 21 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 7 - გურიაში, 1 ფაქტი კი - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.
რაც შეეხება დედაქალაქს, მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 161 ფაქტი გამოავლინეს.
დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რომ დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.