23 წელია, 28 აპრილს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) გადაწყვეტილებით, სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება.
თარიღის აღნიშვნის მიზანი ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარება, შრომის დაცვის კულტურის განვითარებაა, რომელიც ხელს შეუწყობს ყოველწლიურად სამუშაო ადგილებზე სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას.
პირველად ეს დღე 2003 წელს აღინიშნა. შრომის დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნის იდეა სათავეს დაღუპული დასაქმებულების ხსოვნის დღიდან იღებს, რომელიც პირველად ამერიკელმა და კანადელმა მშრომელებმა 1989 წელს, სამუშაო ადგილზე დაზარალებულ და გარდაცვლილ დასაქმებულთა ხსოვნის პატივსაცემად აღნიშნეს.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) გასული წლების მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ 15 წამში ერთხელ დასაქმებული სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის ან დაავადების შედეგად იღუპება, ხოლო საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად ყოველ 15 წამში 153 დასაქმებულს ადგება ზიანი
„ეს თარიღი გვახსენებს, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია. უსაფრთხო სამუშაო გარემო არ არის მხოლოდ წესების დაცვა, ეს არის პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ.
ერთად უნდა შევქმნათ გარემო, სადაც შრომა ღირსეული და დაცულია. ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და გარშემომყოფებზე. საფრთხე არ აფრთხილებს, უსაფრთხოება უნდა დავგეგმოთ“, - აცხადებენ საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურში.
მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხელისუფლების ორგანოები, პროფკავშირული ორგანიზაციები, დამსაქმებლები და შრომის დაცვის სფეროს პრაქტიკოსი სპეციალისტები საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებას აწყობენ.