საზოგადოება
29.04.2026 14:45
მიკედლებულ ცხოველთა პატრონების და მოქალაქეებისთვის მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები თვითნებურად ხსნიან ყურის საჭდეებს („ბირკებს“) უკვე გასტერილებულ და ვაქცინირებულ ცხოველებს, - ამის შესახებ განცხადებას ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო ავრცელებს.

სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს და მსგავსი ქმედების ჩადენისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
„ნუ მოხსნით უკვე გასტერილებულ და ვაქცინირებულ ძაღლებს ყურის საჭდს; საჭდე ადასტურებს, რომ ცხოველი ჯანმრთელია, ვაქცინირებულია და საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს; საჭდის გარეშე ცხოველი ითვლება აღურიცხავად, რაც იწვევს მის ხელახალ, ზედმეტ დაჭერას და ტრანსპორტირებას.

თუ თქვენს საცხოვრებელ კორპუსთან ან უბანში იმყოფება ცხოველი, რომელსაც მოძვრა ან მოხსნეს საჭდე, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და მოგვმართოთ ცხოველის ხელახალი იდენტიფიცირების (გადაბირკვის) მიზნით; პარალელურად, ჩაუტარდება გეგმიური რევაქცინაცია ცოფზე, რაც აუცილებელია ცხოველის და უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად. დავიცვათ ცხოველები და ვიზრუნოთ ქალაქის უსაფრთხოებაზე ერთად“, - აღნიშნულია შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 595 33 55 08.
კვირის ამბები