„მიყვარხარ, უფალო ჩემო!“ - დაიბეჭდა თანამედროვე ავტორის დავით ახლოურის მორიგი წიგნი - პოეზიის და პროზაული ჩანაწერების რჩეული, რომელშიც 100 ლექსი და 100 პროზაული ჩანაწერია თავმოყრილი.
როგორც წიგნის ავტორმა, შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით ახლოურმა „გორის მაცნესთან“ აღნიშნა, ეს მისი 33-ე წიგნია და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მეგობრის დახმარებით გამოიცა.
„ჩემი ცხოვრების ქრონიკებს დავარქმევდი ამ ჩანაწერებს...
კიდევ ერთი განსხვავებული ნიშა აქვს „საუფლო წიგნს“, ხელნაწერი შრიფტითაა დაბეჭდილი და ჩემი დაბადებიდან 50 წლისადმი მიძღვნილი ორიგინალური საჩუქარია, რისთვისაც განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო ხელნაწერის ავტორისა და რედაქტორ-გამომცემლის თამარ გიუნაშვილის მიმართ.
განსაკუთრებით მახარებს ის სიყვარული და პატივისცემა, რომელსაც ჩემი ხალხისგან ყოველდღიურად ვგრძნობ. ამ პატივისცემის და დაფასების გამოხატულება იყო ეს ორიგინალური საჩუქარიც. მჯერა, სიკეთე აუცილებლად იქნება გადამდები და უფრო მეტად ვიფიქრებთ ერთმანეთის სიხარულზე, წარმატებაზე, სიყვარულით გალამაზებულ მზიან დღეებზე“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა მწერალმა დავით ახლოურმა.
შეგახსენებთ, 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დავით ახლოური საქართველოს მწერალთა კავშირმა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ოქროს მედლით, ხოლო იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციამ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის ოქროს მედლით დააჯილდოვა.