საზოგადოება
30.04.2026 16:50
ატენის საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის საჯარო სკოლის პროექტირებისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.

როგორც ფონდში აღნიშნეს, პროექტი სკოლის შენობის მდგომარეობის შეფასებას და, ექსპერტების დასკვნის საფუძველზე, მისი განახლების დეტალური გეგმის მომზადებას ითვალისწინებს.

„ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილია 300 მოსწავლეზე გათვლილი ატენის საჯარო სკოლის შენობის პროექტირება, რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია, საჭიროების შემთხვევაში კი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება.

რაც შეეხება პროექტს, მოეწყობა შენობის სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეები, ასევე განახლდება გათბობის, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემები, რაც ხელს შეუწყობს თანამედროვე სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში წარმართვას“, - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდში.
კვირის ამბები