საზოგადოება
01.05.2026 12:20
საქართველოს ეკონომიკა მარტში 10.7%-ით გაიზარდა
2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტალში საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9.1% შეადგინა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობის და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს.

„იანვარ-მარტში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა. ექსპორტმა 1,723.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.4%-იანი ზრდაა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით) ამავე პერიოდში 75.1%-ით გაიზარდა.

2026 წლის მარტში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.4%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წინა წლის მარტის მაჩვენებელთან შედარებით 2.3%-ით არის გაზრდილი.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის და გლობალურად ტურისტულ ნაკადებზე უარყოფითი გავლენის მიუხედავად, 2026 წლის I კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 0,5%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის რეკორდული მოცულობა - 829.8 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა“, - აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
კვირის ამბები