საზოგადოება
05.05.2026 13:08
დღეს ასთმის მსოფლიო დღეა
ასთმის მსოფლიო დღე, ყოველწლიურად, მაისის პირველ სამშაბათს, ასთმის გლობალური ინიციატივის მიერ აღინიშნება და მისი მიზანი ასთმის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

2026 წლის ასთმის მსოფლიო დღისთვის, რომელიც წელს 5 მაისს აღინიშნება, შერჩეული თემა ყურადღებას ამახვილებს ასთმის სამკურნალო ანთების საწინააღმდეგო საინჰალაციო საშუალებების ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე ყველასთვის, რისი საჭიროებაც ჯერ კიდევ მწვავედ დგას მსოფლიოში.

ასთმა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული არაგადამდები დაავადებაა და იგი მსოფლიოში 260 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. ასთმის დიაგნოზით ყოველწლიურად 450 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება, თუმცა მათი უმრავლესობის პრევენცია შესაძლებელია.

როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით და თანამედროვე სამკურნალო საშუალებებით ასთმა სრულად ექვემდებარება კონტროლს. კონტროლირებული ასთმის მქონე პირებს კი სრულფასოვნად ცხოვრება შეუძლიათ.

„ასთმის გლობალური ინიციატივა ხაზს უსვამს, რომ თითოეულ პაციენტს, მათ შორის ბავშვებს, უნდა ჰქონდეს წვდომა თანამედროვე საინჰალაციო მკურნალობაზე, განსაკუთრებით კომბინირებულ პრეპარატებზე, რომლებიც ერთდროულად აკონტროლებს სიმპტომებსაც და ანთებასაც.

ჯანმრთელობის დაცვის სისტემებმა, მთავრობებმა და ფარმაცევტულმა სექტორმა უნდა უზრუნველყონ, რომ ეფექტური საინჰალაციო მკურნალობა ხელმისაწვდომი იყოს ასთმით დაავადებული ყველა ადამიანისთვის - ყველგან და ყველასთვის.
ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქრონიკული დაავადებების, მათ შორის, ასთმის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფილია მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფები, მათ შორის, საპენსიო ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, სოციალურად დაუცველი პირები“, - აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.
კვირის ამბები