სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა გაიზარდა - რას ითვალისწინებს სიახლე
სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ცვლილების მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი აღნიშნული ოჯახებისთვის უცვლელი დარჩეს.
„მთავრობის დადგენილებით - ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, დამატებით - 5 თეთრი დაუსუბსიდირდებათ. ჯამში, ისინი დახმარების სახით მიიღებენ 2020 წლის დეკემბერსა და 2015 წლის ივლისში არსებული სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას დამატებულ 1 კვტ-სთ-ზე 8.5 თეთრს - ამ დრომდე ეს მაჩვენებელი 1 კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრს შეადგენდა.
ის ოჯახები კი, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, 200 კვტ-სთ-ის ელექტროენერგიას 1 კვტ-სთ-ზე 8.5 თეთრის ოდენობით სუბსიდიას მიიღებენ - ამ დრომდე ეს მაჩვენებელი კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრს შეადგენდა.
თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა, სიახლე მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ ბენეფიციარებს შეეხებათ.
რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, ელექტროენერგიის ახალი ტარიფის შესაბამისად, დამატებით - 10 ლარის სუბსიდიას მიიღებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ სტატუსის მქონე ოჯახები, სოციალური შეღავათის სახით, ელექტროენერგიის გადასახადისთვის 20 ლარის ნაცვლად 30 ლარს მიიღებენ. ამას ემატება 10-ლარიანი სუბსიდია ყოველ მომდევნო შვილზე“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ცვლილება უკვე ამოქმედდა და მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში პირველი აპრილიდან შევიდა.