
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, განაცხადების მიღება 18 მაისს დაიწყება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, პროცესი 6 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეიკრიბება იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოების, თუ თემის განვითარებაში. ამის შემდეგ კანდიდატთა მიერ წარმოდგენილ განაცხადებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კომისია ანონიმურობის პრინციპის დაცვით განიხილავს და წლის საუკეთესო მასწავლებლებს გამოავლენს.
„მასწავლებლის ეროვნული პრემია წარმოადგენს განათლების სფეროში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაფასების მნიშვნელოვან მექანიზმს და მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ზრდას ემსახურება.
წლის საუკეთესო, ღვაწლმოსილ პედაგოგებს, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია - სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.
ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების, ახალგაზრდების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია დამსახურებულ, ღვაწლმოსილ პედაგოგებს აკისრიათ. შესაბამისად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მუდმივად ზრუნავს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე და მათთვის როგორც სოციალური, ასევე, სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შეთავაზებაზე“, - აცხადებენ სამინისტროში.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები - 10 ღვაწლმოსილი პედაგოგი, 27 ოქტომბერს საზეიმო ცერემონიაზე გამოვლინდება.
შეგახსენებთ, მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, 2023 წელს დაწესდა. მასწავლებლის ეროვნული დღე კი 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლის და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
2025 წლიდან მასწავლებლის ეროვნულ დღის აღსანიშნავად, საქართველოს მასშტაბით ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრი მუნიციპალიტეტის დონეზე ღვაწლმოსილ პედაგოგებს აჯილდოებს.