საზოგადოება
07.05.2026 15:53
1-ელი ივლისიდან სესხის აღებისას ცვლილებები ამოქმედდება
2026 წლის 1-ელი ივლისიდან სესხის აღებისას ცვლილებები ამოქმედდება და საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 1 000 000 ლარამდე სესხის აღებას მოქალაქეები მხოლოდ ლარში შეძლებენ.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეროვნული ბანკი, გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ინდუსტრიასთან კოორდინაციით და მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს.

2025 წლის აგვისტოდან დღემდე აღნიშნული ზღვარი 750 000 ლარს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან კი 1 000 000 ლარამდე გაიზრდება. ეროვნული ბანკის შეფასებით, მსესხებლების სავალუტო მოწყვლადობის შესამცირებლად, არაჰეჯირებული კრედიტორებისთვის სავალუტო კრედიტების მინიმალური ზღვარი 750 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე უნდა გაიზარდოს.

„საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. გასული წლის განმავლობაში გლობალური ფინანსური პირობები შედარებით სტაბილური და ხელსაყრელი იყო. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებამ გლობალური ფინანსური პირობების ზომიერი გამკაცრება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულ ჭრილში ისინი კვლავ შედარებით შერბილებულად ნარჩუნდება, გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, მაღალია სასაქონლო ბაზრების შოკების, გლობალური ინფლაციური მოლოდინების გაძლიერებისა და ფინანსური პირობების შემდგომი გამკაცრების რისკები.

აღნიშნული გარემოებების ფონზე, ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის ერთობლივმა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე დროებით გაზრდილი სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი კვლავ წინანდელ დონეზე დაებრუნებინა და 5 პროცენტული პუნქტით შეამცირა. აღნიშნული ნორმა წარმოადგენს ეროვნული ბანკის ინსტრუმენტს და სებ-ი მის რეკალიბრაციას მომავალშიც მაკროეკონომიკური გარემოებებისა და პირობების მიხედვით გააგრძელებს. ამასთან, აღსანიშნავია რომ ფინანსური დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილება ეროვნული ბანკის მნიშვნელოვან ამოცანად რჩება. გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ეროვნული ბანკი ინდუსტრიასთან კოორდინაციით, მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების შესაბამისად და, ასევე სარეზერვო ნორმის კორექტირების პოტენციური ეფექტის გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2026 წლის 1-ელი ივლისიდან შევა“, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები