საზოგადოება
08.05.2026 12:46
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ
ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ.

ფინანსური დახმარება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებს გადაეცემათ. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები კი 1 000 ლარს მიიღებენ.

განკარგულების თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების) ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისათვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფას თბილისის მერია უზრუნველყოფს.
კვირის ამბები