11 მაისს სამების ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება გაიმართება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება 2026 წლის 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შედგება, - ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის წესი საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებითაა განსაზღვრული, რომელიც 1995 წლის 18-19 სექტემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გამართულ საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ მე-13 კრებაზე მიიღეს.
11 მაისის გაფართოებულ კრებაზე კი 39 მღვდელმთავარი საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევს.
შეგახსენებთ, 28 აპრილს საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი - კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) გამოარჩიეს.