საზოგადოება
08.05.2026 16:30
საქართველოში დიპლომატიის აკადემია იქმნება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს დიპლომატიის აკადემია შეიქმნება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დიპლომატიის აკადემია უწყებრივი დაქვემდებარების საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება დადიპლომატიური სამსახურისთვის მაღალკვალიფიციურ კადრებს მოამზადებს, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარებისთვის მნიშვნელოვანია.

„მინდა აღვნიშნო, რომ, სამწუხაროდ, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები დღეს არსებითად ვერ უზრუნველყოფენ მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნის და უნარების სათანადოდ გადაცემას. საქართველოს დიპლომატიის აკადემია მოამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს დიპლომატიური სამსახურისთვის. უწყებრივი დაქვემდებარება ხელს შეუწყობს აკადემიას სწავლების და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში.

თქვენ იცით, რომ წარმატებით ფუნქციონირებს რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ასეთი უწყებრივი დაქვემდებარებით, ეს არის მაგალითად საქართველოს თავდაცვის აკადემია, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, ასევე შეიქმნა უსაფრთხოების აკადემია და ამ წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ საქართველოს დიპლომატიის აკადემიაც, თავისი უწყებრივი დაქვემდებარებით, წარმატებით უზრუნველყოფს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას. მინდა, მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრ ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს და მთლიანად სამინისტროს დახვეწილი კონცეფციის მომზადებისთვის. მომავალი წლის სექტემბრიდან დიპლომატიის აკადემია, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, წარმატებით დაიწყებს ფუნქციონირებას. ჩვენი ამოცანაა, მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები ჩვენი დიპლომატიური სამსახურისთვის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
კვირის ამბები