ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები შიდა ქართლში ფესტივალისთვის მზადების პროცესს გაეცნენ
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები შიდა ქართლში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ფესტივალის მნიშვნელობის და მონაწილეების მზადების პროცესის შესახებ ისაუბრეს. სტუმრებმა ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებთან ერთად სპორტული დარბაზები მოინახულეს და ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ.
საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე რეგიონში მცხოვრები სპორტსმენები სპორტის 15 სახეობაში (ბადმინტონი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, კალათბურთი 3X3, კრივი, მაგიდის ჩოგბურთი, მინი-ფეხბურთი, ტაეკვონდო, ფრენბურთი, ქართული ჭიდაობა, ქვიშის ჭიდაობა, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო (შერეული გუნდური), ხელბურთი) იასპარეზებენ.
ფესტივალის ფინალურ ეტაპს 2-6 ივნისს ბათუმი უმასპინძლებს და სპორტის ცალკეულ სახეობებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან, მთავარი პრიზი კი გადაეცემა რეგიონს, რომელიც ქულათა ჯამური მაჩვენებლით საუკეთესო შედეგს აჩვენებს.
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. რაც შეეხება მიზანს, სპორტის მასობრიობის ზრდა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, რეგიონების აქტიურ ჩართულობა, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენა, ოლიმპიური მოძრაობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს.