26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - გორში ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდება
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით არაერთი აქტივობაა დაგეგმილი.
გორში ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
უწყების ინფორმაციით, საზეიმო პროგრამა 12:00 საათიდან დაიწყება და სტუმრებს საშუალება ექნებათ, შემეცნებით, გასართობ და სპორტულ აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა.
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილი პროგრამა გორის ცენტრალურ მოედანზე 12:00 საათიდან დაიწყება და მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ: შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურად მოწყობილ ინტერაქციულ სივრცეებში დანაყოფების საქმიანობას გაეცნონ;
დაათვალიერონ სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკა და აღჭურვილობა;
პატარა სტუმრებისთვის მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება შემეცნებითი და გასართობი კუთხეები;
მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „სიცოცხლის ზარის“ სტენდთან, „112“-ში შესულ რეალურ ზარებს მოუსმინონ;
წარმოდგენილი იქნება „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფცია, სადაც ქალაქში მოხვედრამდე ბავშვები გაივლიან საპასპორტო კონტროლის ზონას, ასევე, მოსულ სტუმრებს სამახსოვრო პასპორტს გადასცემენ;
პატარებს დახვდებათ იმიტირებული ველორბოლის ბილიკი, რომლის გავლის შემდეგ ბავშვებს სიმბოლურად ველოსიპედის მართვის მოწმობა გადაეცემათ და კვარცხლბეკზე დაჯილდოვდებიან;
მოწყობილი იქნება იმიტირებული შემთხვევის ადგილი, სადაც ბავშვები მენტორი ექსპერტების დახმარებით გაეცნობიან, თუ როგორ ხდება სპეციალური ხელსაწყოების მეშვეობით შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ასევე, მოეწყობა ქიმიური შოუ;
იმიტირებულ დაცულ სახლში, მენტორების დახმარებით, მოზარდები თავად მოირგებენ პოლიციის აღჭურვილობას და შეასრულებენ პოლიციელის როლს;
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბავშვებისთვის დაამონტაჟებს „საცოც კედელს“;
წარმოდგენილი იქნება ვირტუალური ტირი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ფორმები;
წარმოდგენილი იქნება სანაპირო და სახმელეთო სპეცტექნიკა;
წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მეწარმეების კვების და ხელნაკეთი ნივთების სივრცეები;
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თემატური საგამოფენო სივრცეები;
შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი;
ღონისძიება დასრულდება გალა კონცერტით. 26 მაისს შევხვდებით ქალაქ გორში. ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!“ - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებები კონცეფციით: „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“ გაიმართება.