გორში, მუნიციპალიტეტის სკოლების გუნდების მონაწილეობით, ინტელექტჩემპიონატი ჩატარდა.
მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც გორის მუნიციპალიტეტის 65 სკოლის გუნდი მონაწილეობდა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა.
ინტელექტუალური პაექრობა გორის სპორტის სასახლეში სამი დღის განმავლობში მიმდინარეობდა და ორ ასაკობრივ კატეგორიაში (VIII-IX და X-XI კლასები) ჩატარდა. თითოეულ გუნდი კი 6-6 წევრით იყო დაკომპლექტებული.
რაც შეეხება გამარჯვებულებს, პირველ ასაკობრივ კატეგორიაში (VIII-IX კლასები) I ადგილი ოლეგ ჭონიშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემის; II ადგილი - ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის გორის №1; ხოლო III ადგილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლების გუნდებმა დაიკავეს.
უფროსი ასაკობრივი კატეგორიის (X-XI კლასები) გამარჯვებული კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლა გახდა; II ადგილი - გორის №2 საჯარო სკოლამ დაიკავა; III ადგილზე ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია გავიდა.
გამარჯვებულ გუნდებს გორის მერიის მიერ დაწესებული პრიზები (I ადგილი - 1000 ლარის; II ადგილი - 700 ლარის; III ადილი - 500 ლარის ტექნიკის ვაუჩერები) გადაეცათ.
„65 სკოლის კონკურენცია არ იყო მარტივი გამოწვევა, მათ აჩვენეს არა მხოლოდ ღრმა ცოდნა და ერუდიცია, არამედ მაღალი აკადემიური კულტურა, გუნდური მუშაობის უნარი და ერთმანეთის პატივისცემა. დაგვანახეს, რომ მომავალ თაობას უდიდესი პოტენციალი აქვს.
ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა და თანადგომა უმნიშვნელოვანესი იყო ამ პროექტის მასშტაბურობის და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლებას, გუნდური მუშაობის პრინციპების განვითარებას და ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენას, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის და ქვეყნის მომავლისთვის ფასდაუდებელი ინვესტიციაა.
ტექნიკის ვაუჩერების გარდა, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თორნიკე ფხაკაძის ინიციატივით, გამარჯვებული გუნდები საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან. ბანაკში გაემგზავრება მეჯვრისხევის საჯარო სკოლის გუნდიც, რომელმაც პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის გუნდთან ერთად III-IV ადგილები გაიყო და დამატებით ტურში მეოთხე ადგილზე გავიდა.
ადგილობრივ თვითმმართველობას და სკოლებს შორის წარმატებული თანამშრომლობა ტრადიციულ სახეს მიიღებს და მომავალშიც კიდევ ბევრ საინტერესო, საგანმანათლებლო პროექტს განვახორციელებთ ჩვენი ახალგაზრდების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნეს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.