სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო - ვის აქვს უფლება მოიპოვოს დაფინანსება
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დღეს, 28 მაისს, დაიწყო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციის გავლა მსურველებს ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე (online. naec. ge) 8 ივნისის 18:00 საათამდე შეუძლიათ, თუმცა, სავალდებულოა, კონკურსში მონაწილემ 5 ივნისის 18:00 საათამდე გადაიხადოს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასური (10 ლარი) და რეგისტრაცია 8 ივნისის 18:00 საათამდე დაასრულოს. საფასურის გადახდა კი „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay. ge), ინტერნეტ ბანკით (ibank. ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით ხორციელდება.
„სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ბაკალავრიატის სტუდენტებს სახელმწიფო გრანტის მოპოვების ან გაუმჯობესების შესაძლებლობა ეძლევათ.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალშიც შეუძლია.
გამოსაცდელებმა, რომლებსაც სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა ესაჭიროებათ, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ გრაფა - „სპეციალური პირობები“ და 8 ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა № IV-100/ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (თბილისი, ე. მინდელის №9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
მოვუწოდებთ სტუდენტებს, ყურადღებით გაეცნონ კონკურსში მონაწილეობის აუცილებელ პირობებს და რეგისტრაცია დადგენილ ვადებში დაასრულონ“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
დაინტერესებულ პირებს სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ბმულზე შეუძლიათ.