საზოგადოება
29.05.2026 13:11
კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე რეგისტრაცია 1-ელ ივნისს იწყება
კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების კომპიუტერულ ვერსიებზე - CB PET, CB FCE და CB CAE - რეგისტრაცია 1-ელ ივნისს დაიწყება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

როგორც ცენტრში აღნიშნავენ, 2026 წლის ივნისის საგამოცდო სესიაზე კანდიდატები რეგისტრაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ონლაინ გაივლიან - bit. ly/ 43CFpIc და რეგისტრაციის გავლას აპლიკანტები 15 ივნისის ჩათვლით შეძლებენ. იმ კანდიდატებისთვის კი, რომლებიც რეგისტრაციას აღნიშნულ ვადაში ვერ გაივლიან, გვიანი რეგისტრაცია 16 ივნისს დაიწყება და 17 ივნისის 16:00 საათამდე გაგრძელდება.

რაც შეეხება პროცედურებს, რეგისტრაციის პროცესში კანდიდატმა უნდა შეავსოს ყველა სავალდებულო ველი და ატვირთოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი. თუ აპლიკანტს აღნიშნული დოკუმენტები არ აქვს, აუცილებელია „იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“ ატვირთოს.

„რეგისტრაცია წარმატებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც კანდიდატი ცენტრისგან მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებს. გამოცდის განრიგი ელექტრონულ ფოსტაზე სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში გაიგზავნება.

კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების სერტიფიკატი უვადოა და აღიარებულია მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტსა და ორგანიზაციაში“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში.

შეგახსენებთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების ორგანიზებას და ჩატარებას წელიწადში სამჯერ - მარტში, ივნისსა და დეკემბერში უზრუნველყოფს.
კვირის ამბები