1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორის კულტურისა და დასვენების პარკში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, „ახალბაღში“ აქტივობები 16:00 საათიდან დაიწყება.
„გორის მაცნე“ გთავაზობთ ღონისძიებების პროგრამას, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ჩატარდება:
16:00 -18:00 სთ - კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით; ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; სახეზე ხატვა; ზღაპრის გმირები.
18:00 - 19:30 სთ - „ჩვენი თეატრი“; საპნის ბუშტების შოუ; ყვავილების გაყინვა აზოტით; ჟონგლიორის წარმოდგენა; დრამერ შოუ; DJ.
დღის ბოლოს, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება, რომელიც 19:30 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ერთ-ერთი ყველაზე უძველესი საერთაშორისო თარიღია.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის 1-ელ ივნისს აღნიშვნა დაკავშირებულია ჩინელი პოლიტიკოსის სახელთან.
1925 წლის 1-ელ ივნისს, სან-ფრანცისკოში, ჩინეთის გენერალურმა კონსულმა შეკრიბა ობოლი ჩინელი ბავშვები და მათთვის დუან-უცზეს ზეიმი (ნავი-დრაკონების ფესტივალი) მოაწყო. პარალელურად, ეს დღე დაემთხვა ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ 1925 წლის ჟენევის მსოფლიო კონფერენციას.
1949 წლის ნოემბერში, პარიზში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ კიდევ ერთხელ იმსჯელა მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებაზე, რომელიც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო. 1950 წლის 1-ელ ივნისს პირველად იზეიმეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც, ეს დღე მსოფლიოში ყოველ წელს აღინიშნება.