საზოგადოება
03.06.2026 14:21
საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს
მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის 79-ე სესიაზე, საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საბჭოში ქვეყანას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - ირაკლი სასანია წარმოადგენს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული საბჭო გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელ უმაღლეს მმართველ რგოლს წარმოადგენს და მასში გაწევრიანება ქვეყანას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, უშუალო მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო მასშტაბით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, საერთაშორისო ჯანდაცვის დღის წესრიგის ფორმირებასა და გლობალური გამოწვევების მართვაში, რაც კიდევ უფრო ზრდის საქართველოს ავტორიტეტსა და გავლენას საერთაშორისო ასპარეზზე.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 34 წევრისგან შედგება, რომლებსაც სამი წლის ვადით ირჩევენ. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია ჯანდაცვის ასამბლეის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის განხორციელება, კონსულტაციების გაწევა და გლობალური ჯანდაცვის დღის წესრიგის მართვა. ამ მაღალი დონის პლატფორმაზე საქართველოს წარმომადგენლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის საერთაშორისო როლის გასაძლიერებლად“, - აცხადებენ სამინისტროში.
კვირის ამბები