საზოგადოება
04.06.2026 10:34
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად, ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის და ოქროს მონეტებს გამოუშვებს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული გადაწყვეტილება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი, მთავრობის და საპატრიარქოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის (კომისიის თანათავმჯდომარეები: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე) წინადადების გათვალისწინებით მიიღო, ხოლო მონეტის დიზაინზე ეროვნული ბანკი საპატრიარქოსთან ერთად იმუშავებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეპოქალურ მოვლენებს. ამას ადასტურებს წინა წლებში გამოშვებული ისტორიული მოვლენებისადმი მიძღვნილი მონეტებიც, მათ შორის, ქრისტეშობის 2000 წლისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის საიუბილეო თარიღების აღსანიშნად გამოშვებული 10 ლარის ნომინალის მონეტები“, - აცხადებენ საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციაში.
კვირის ამბები