საზოგადოება
04.06.2026 15:36
სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის (სასურსათო) დანამატების ონლაინ შეძენისას მომხმარებელს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ონლაინ ვაჭრობა მოსახერხებელია, თუმცა, უსაფრთხო არჩევანის გაკეთება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, - სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის (სასურსათო) დანამატების ონლაინ შეძენისას მომხმარებელს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდაციებს სთავაზობს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დღეს, სასურსათო დანამატების შეძენა სულ უფრო ხშირად ონლაინ - ვებგვერდების, სოციალური ქსელებისა და უცხოური პლატფორმების საშუალებით ხდება. თუმცა, უსაფრთხო არჩევანის გაკეთება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს და მომხმარებელმა მათი შეძენისას ყურადღება პროდუქტის წარმომავლობას, ეტიკეტს და რეალიზაციის პირობებს უნდა მიაქციოს.

„გორის მაცნე“ გთავაზობთ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებს:

სურსათის (სასურსათო) დანამატი სასურსათო პროდუქტია, რომელიც განკუთვნილია ნორმალური კვების რაციონის შესავსებად და წარმოადგენს საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების), კვებითი ან ფიზიოლოგიური ეფექტის მქონე სხვა ნივთიერებების კონცენტრირებულ წყაროს, ცალკე ან კომბინირებული სახით. ბაზარზე განთავსებულია დოზირებული ფორმით (კაფსულები; ტაბლეტები; აბები; პასტილები; ფხვნილები; სითხეები; ამპულები; წვეთები და სხვა მსგავსი ფორმები) და მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ სურსათის დანამატი არ არის სამკურნალო საშუალებება (ფარმაცევტული პროდუქტი); არ არის განკუთვნილი დაავადების მკურნალობის ან პრევენციისთვის; არ ცვლის სრულფასოვან და მრავალფეროვან კვებას.

ონლაინ შეძენისას გადაამოწმეთ, არის თუ არა პროდუქტი სააგენტოს რეესტრში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეესტრის გადამოწმება უცხოური პლატფორმებიდან ან სოციალური ქსელების საშუალებით შეძენისას (რეესტრი ხელმისაწვდომია: nfa. gov. ge)

პროდუქტი შეიძინეთ მხოლოდ სანდო და იდენტიფიცირებადი გამყიდველისგან. ვებგვერდზე მითითებული უნდა იყოს: კომპანიის ან მეწარმის დასახელება; საკონტაქტო ინფორმაცია; იურიდიული მისამართი; დაბრუნებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის პირობები. თუ პროდუქტის წარმომავლობა ან გამყიდველი უცნობია, იზრდება ყალბი ან შეუსაბამო პროდუქტის მიღების რისკი.

ონლაინ განთავსებული ინფორმაცია სრულყოფილი და მკაფიო უნდა იყოს. აუცილებლად გადაამოწმეთ: პროდუქტის სრული დასახელება; შემადგენლობა/ინგრედიენტები; რეკომენდებული დღიური დოზა; გაფრთხილებები; ვარგისიანობის ვადა; მწარმოებელი ქვეყანა; შენახვის პირობები. თუ აღნიშნული ინფორმაცია მითითებული არ არის, სასურველია თავი შეიკავოთ შეძენისგან.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ისეთი განცხადებების მიმართ, რომლებიც ამტკიცებს ან მიანიშნებს, რომ პროდუქტი: კურნავს დაავადებას; ცვლის მედიკამენტს; უზრუნველყოფს „სასწაულებრივ“ შედეგს.

სასურსათო დანამატის ეტიკეტირება, რეკლამა ან ონლაინ აღწერა არ უნდა მიუთითებდეს ადამიანის დაავადებების პროფილაქტიკის, განკურნების ან სამკურნალო თვისებების შესახებ ან მიანიშნებდეს ასეთ თვისებებზე; არ უნდა ქმნიდეს შთაბეჭდილებას, რომ პროდუქტი მედიკამენტია; არ უნდა შეიცავდეს შეცდომაში შემყვან ან დაუდასტურებელ განცხადებებს.

სიფრთხილით შეაფასეთ შემდეგი ტიპის განცხადებები: „კურნავს დიაბეტს“; „100%-ით აძლიერებს იმუნიტეტს“; „მკურნალობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს“; „გარანტირებული წონის კლება“; „ექიმის გარეშე მკურნალობა“; „სასწაული ეფექტი“ - ასეთმა დაპირებებმა, შესაძლოა, მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს.

გადაამოწმეთ ეტიკეტი, რომელზეც სავალდებულოა, მითითებული იყოს: „სურსათის დანამატი“; ინგრედიენტები; რეკომენდებული სადღეღამისო დოზა; გაფრთხილება დოზის გადაჭარბების შესახებ; მითითება, რომ პროდუქტი არ ცვლის მრავალფეროვან კვებას; გაფრთხილება ბავშვებისთვის მიუწვდომლად შენახვის შესახებ; მწარმოებლის ან იმპორტიორის მონაცემები; შენახვის პირობები; ვარგისიანობის ვადა.

ინფორმაცია უნდა იყოს მკაფიო, ადვილად წასაკითხი და ქართულ ენაზე წარმოდგენილი. ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული სურსათის (სასურსათო) დანამატი უნდა აკმაყოფილებდეს უვნებლობის, ეტიკეტირების და მომხმარებლის ინფორმირების მოთხოვნებს.

ფრთხილად იყავით, უცხოური ონლაინ მაღაზიებიდან გამოწერილი პროდუქტი შესაძლოა, არ აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს; არ ჰქონდეს ქართული ეტიკეტი; შეიცავდეს საქართველოში დაუშვებელ ნივთიერებებს; იყოს ფალსიფიცირებული ან ვადაგასული. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებლის უფლებების დაცვა და პროდუქტის კონტროლი მნიშვნელოვნად რთულდება.

და ბოლოს, ნუ შეიძენთ პროდუქტს მხოლოდ სოციალური ქსელის რეკლამის საფუძველზე; გადაამოწმეთ პროდუქტი სააგენტოს რეესტრში; მოერიდეთ „სასწაულ ეფექტებზე“ აგებულ რეკლამას; არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას; ქრონიკული დაავადების, ორსულობის ან მედიკამენტების მიღების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

მომხმარებელმა, სურსათის (სასურსათო) დანამატების ონლაინ შეძენისას დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე (1501) უნდა დარეკოს.

 

კვირის ამბები