საზოგადოება
05.06.2026 14:07
კონსტანტინე ბუზალაძე და მარლენ ნადირაძე გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული სოციალური პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ
2026 წელს სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ თხუთმეტი ინიციატივა დააფინანსა, რომლითაც 3 000-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, პროექტები „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით ხორციელდება და ხანდაზმულებს, ბავშვებს, შშმ პირებს, დევნილებს, სოციალურად დაუცველ პირებს ემსახურება. ბენეფიციარები უსასყიდლოდ იღებენ შინმოვლის, სამედიცინო და სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, განმავითარებელ და საყოფაცხოვრებო სერვისებს, ასევე დღის ცენტრების მომსახურებით, ფსიქო-ემოციური მხარდაჭერით, საზაფხულო ბანაკებით, უფასო კვებით და თავშესაფრით სარგებლობენ.

მერიის მიერ დაფინანსებული სოციალური პროექტების მიმდინარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე გაეცნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს პროექტების განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა შესრულებული სამუშაოები, მიღწეული შედეგები და ბენეფიციარებისთვის გაწეული სერვისების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
კვირის ამბები